logo
ENG



სტანო სანქციებზე: ველით, ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულიად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას

11 აპრ 202316:41
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ფორმულას კითხვას სანქცირებული მოსამართლეების შესახებ უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ხელისუფლებისგან მოელის, რომ უზრუნველყოფს "სრულიად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ" სასამართლო სისტემას. 

სტანომ ასევე თქვა, რომ აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება.

"მივიღეთ ცნობად აშშ-ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემასთან კავშირში მყოფი ოთხი ქართველი პირის შესახებ. აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, რომელიც კომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოელიან, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებს."- თქვა პიტერ სტანომ. 

* * *

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 


close დახურვა