საქართველოსა და უკრაინის მიმართ დახმარების ახალ პაკეტს შეათანხმებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტერიალი, რომლის მთავარი თემაც კორონავირუსის პანდემია იქნება, ონლაინ რეჟიმში ხვალ არის დაგეგმილი. სხდომა ვიდეოკონფრენციის ფორმატით ჩატარდება, რაც ნატოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ის ელის, რომ შეათანხმებენ დახმარების ახალ პაკეტს საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს პარტნიორობა, მათ შორის წვრთნები შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„მინისტრებისგან ველი, რომ შეათანხმებენ დახმარების ახალ პაკეტს საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის წვრთნები შავი ზღვის რეგიონში, რასაც ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ველი რომ მინისტრები მიიღებენ ახალ პაკეტს, რომელიც მეტად გააძლიერებს ჩვენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ორი ქვეყნისთვის. ეს პაკეტი იქნება გარკვეული გაუმჯობესება, დამატებითი ზომები იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვუწევთ საქართველოს. ის შეეხება სწავლებებს, მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამაში, ასევე მომზადებას და საგანმანათლებლო პროექტებს. ის აჩვენებს, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ უფრო მეტს ერთად და ნატო უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოსთვის.
რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. განვიხილეთ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა. ხაზი გავუსვი ნატოს როლს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვუზრუნველყოთ შეკავება და თავდაცვა. ასევე დავრწმუნდეთ, რომ ჯანდაცვის კრიზისი არ გადაიზარდოს უსაფრთხოების კრიზისში. ქვეყნების ხელისუფლებების გადასაწყვეტია, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ კოვიდ 19-ის კრიზისის პერიოდში სამედიცინო კუთხით, ამიტომ ვერ შევაფასებ რას აკეთებს საქართველო ამ თვალსაზრისით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რადგან ეს არის საერთო გამოწვევა, რომელიც საერთო პასუხს საჭიროებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.