logo
ENG



სტოლტენბერგი: პოზიციების გასამაგრებლად მობილიზებული გვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები

25 თებ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს თავდაცვის მიზნით მობილიზებული ჰყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დანაყოფები. 

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და გააკეთოს ყველაფერი NATO-ს ტერიტორიისა და მოკავშირეების დასაცავად.  თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ითვალისწინებს თუ არა ეს უკრაინის სამხედრო ძალების პირდაპირ დახმარებას.

"გუშინ, NATO-ს მოკავშირეებმა აამოქმედეს ჩვენი თავდაცვის გეგმა და შედეგად ჩვენ გადაგვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების დანაყოფები მიწაზე, ზღვასა და ჰაერში, რათა გავამაგროთ ჩვენი პოზიცია და ვუპასუხოთ სწრაფად ყველა ვითარებას.

აშშ-მ, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე გადაიყვანეს დამატებით ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სრულ მზადყოფნაში, რომლებიც ახლა 30 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. ასევე მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფებიც.

არ უნდა არსებობდეს სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო ჩვენი მოკავშირეებისა და NATO-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად.

დღეს ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. კრემლს სურს რომ ნატომ და ევროკავშირმა თავის პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა", - განაცხადა სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ძალები ჯერ არ განუთავსებიათ, თუმცა ისინი სრულ მზადყოფნაში არიან. ასევე უცნობია რა რაოდენობის სამხედროები იქნებიან სწრაფი რეაგირების ძალებში.


close დახურვა