logo
ENG



სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგია

04 აპრ 202419:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/p05dmscllfuq7bx.jpg

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

მისი თქმით, რუსულ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე და საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუშლის.

"მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოელი აგენტებისა თუ უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევის საწინააღმდეგოა. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო იყო ევროკავშირიც. მე საქართველოში სულ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და ჩემი მთავარი გზავნილი რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო, რადგან ცხადია და ხაზი უნდა გაესვას, რომ ქართველ ხალხს ევროპულ ოჯახში ცხოვრება სურს. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა