ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური სარჩელი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმაზე, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბებოდა.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილავენ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარს, "რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია".