სტრატეგია აღმაშენებელი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, მათ შორის პოლიციელების მიერ ლევან ხაბეიშვილზე ძალადობა რუსული რეჟიმის სახეა.
პარტია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე.
"მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე. მოვუწოდებთ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები.
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! საქართველო გახდება ევროპა. საქართველო გაიმარჯვებს!"- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციას არბევს- იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე.
პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ასევე, დაკავებულია და ფიზიკური დაზიანებები აქვს აშშ-ის მოქალაქეს, იურისტ ტედ ჯონასს.