logo
ENG



სტრატკომი ისევ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მგზავრობის ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა

10 სექ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/aeo2dgbb48phlhe.jpg

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი პოსტს აქვეყნებს, რომლითაც TV პირველს ღარიბაშვილის მგზავრობის შესახებ გასული სიუჟეტისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

სტრატკომის მტკიცებით, რეისი, რომლითაც მთავრობის მეთაური მიუნხენში გაემგზავრა, კომერციული იყო და მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

"თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერმინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ის ირწმუნებოდა, რომ ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაღებულა. 

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

გუშინ TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.


close დახურვა