logo
ENG



სუბარი: ადამიანურობაა, როდესაც ბავშვს ეუბნები, რად გინდა შვილო ეგ, წამო, სპორტზე მიგიყვანო

10 მარ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/10/dktluqd3jngslub.jpg

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის "მუქარის შემცველი" კომენტარების ავტორებთან სტუმრობას ადამიანურად იქცეოდა. სუბარის თქმით, ანზორ ჩუბინიძე მივიდა ერთი ბავშვის ოჯახში და მას მშობლების თანდასწრებით კითხა, რამე ხომ არ იდგა ბერასადმი გაჟღერებული მუქარის მიღმა.

სუბარის თქმით, ბერას სტუდიაში მყოფ არასრულწლოვნებზე თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგი მიმდინარეობდა.

"ადამიანურობაა, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე, მის მეგობრებზე და მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის ბავშვები თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგის შეტევა ხდება არა მხოლოდ უცენზურო ლექსიკით, მე თვენთან ვერ გავიმეორებ, რაც ხდებოდა. ამის შემდეგ, ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში და მშობლებისა და მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რამე ხომ არ დგას მუქარის უკან, მართლა რამეს ხომ არ აპირებ და ის ეუბნება, რომ არაფერს და მაშინ რათ გინდა შვილო, ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ადამიანურობა", - აცხადებს სუბარი.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული. 

თემას გამოეხმაურნენ ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძეც. ჩუბინიძე ამბობს, რომ ჩანაწერი, მისი, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, 2010-2011 წლისაა და ის მოდელირებულია. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდებთან ოჯახებში მივიდა, რასაც იმით ხსნის, რომ როგორც ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მუქარის შემცველ განცხადებებს შეისწავლიდა. ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იქნა მოპოვებული და დანაშაული არა სამი ადამიანის საუბარი, "გნებავთ ჭორაობა", არამედ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, მისი მოდელირება და გავრცელებაა. 

ბერა ივანიშვილი კი იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს", რადგან ამას "მნიშვნელობა არ აქვს". 

ჩანაწერებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა