logo
ENG



სუბარი: ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება

25 მარ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

„ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ასევე არც სხვა მუნიციპალიტეტების, თუ საგანგებო ვითარება არ გამოვლინდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სომხეთიდან დაბრუნებულ 500-მდე ქართველ სტუდენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქე, ვინც სხვა ქვეყნიდან შემოდის, საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.

„საკარანტინო ზონაში გადაგვყავს ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვიდა სხვა ქვეყნიდან. ყოველდღე შემოდის რამდენიმე ასეული ადამიანი და გადაგვყავს. თუკი თავდაპირველად მხოლოდ საეჭვო ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები გადაგვყავდა, თანდათან ამ ქვეყნების ჩამონათვალი ფართოვდებოდა, შემდეგ კი უკვე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა ადამიანზე. ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგებო ვითარება, რაც შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რადგან უკვე მივედით ამ ეტაპზე და შესაბამისად გამკაცრდება საკარანტინო ზომები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, უკვე ათი დღეა, რაც ახალქალაქში სომხეთიდან 500-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა, თვითიზოლაციისკენ მოწოდება კი მათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით მიიღეს. პარტიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  საკარანტინო ზონებში სტუდენტების სავალდებულო განაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა.


close დახურვა