სოზარ სუბარი ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტებისადმი გაჟღერებულ მუქარას აფასებს და ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მისაღებია სამხარაძის ქმედება, შემდეგნაირად პასუხობს:
„ჩემთვის მიუღებელია, ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ. ნიუტონის მესამე კანონია - ქმედება იწვევს უკუქმედებას. მხოლოდ ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. წახალისებული ჩვენგან არ არის. დიტო თავის პოზიციას გამოხატავს. ცოცხი გახდა ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებენ, რას ვიზამთ", - ამბობს სოზარ სუბარი.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, ხომ არ ახალისებს მსგავსი განცხადებებით მმართველი გუნდი აგრესიას მის მხარდამჭერებსა და აქტივისტებში, სუბარი პასუხობს, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს.
„მე არ მითქვამს მისაღები და მიუღებელი, მე არ ვახალისებ. თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხის ეგეთი ექნებათ", - განაცხადა სუბარმა.
ქართული ოცნების დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ მოძრაობა სირცხვილიას მიმართ სალანძღავი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრება.
დეპუტატი სამხარაძე გამოირჩევა ოპოზიციონერებისა და აქტივისტების მიმართ შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებებით.
მანამდე მან პარტია ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინა და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდა
ფეისბუქპოსტში პარლამენტის დეპუტატმა სხვა ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა და განაცხადა, რომ გოგი წულაიას არშემგინებლები "დორბლიანი ნაცები" არიან, თავისივე პოსტის კომენტარებში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აგინა.
"ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი", - წერს სამხარაძე წულაიაზე, - "კომენტარებში შევაგინებ".
გუშინ, 4 მარტს ქართული ოცნების აქტივისტებმა ბათუმში "ცოცხების აქცია" გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.