სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.
დაპირისპირების ზონაში რჩებიან ორი ქართული ავიაკომპანიის "ჯეო სქაისა" და "მაი-ვეი ეარლაინსის" თანამშრომლები - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან, თუმცა პრობლემას წარმოადგენს საკვებისა და წყლის მარაგები, ასევე ელექტროენერგია.
ავიაკომპანიებში ამბობენ, რომ თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ, როგორც კი უსაფრთხო დერეფანი გაიხსნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევაკუაციის სირთულეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს თავიანი მოქალაქეების გამოყვანას.
სუდანში უკვე რამდენიმე დღეა კონფლიქტი ღვივდება. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შიგნით დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ერთმანეთს ორი ძალა ებრძვის - სუდანის რეგულარული არმია და გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალები". როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ორივე მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, ტანკებსა და არტილერია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.