სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში ჩავარდნის შესახებ მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.
სუს-ი აცხადებს, რომ დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ გავრცელებულა და რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.
ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო", - აცხადებენ სუს-ში.
სუს-ი აღნიშნავს, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერტიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა.
"დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში. კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს", - აცხადებენ სუს-ში.
მოკვლევის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, რომ "აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას".
9 აგვისტოს, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს.