სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დააკავეს. დაკავებულებს, რომლებსაც ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ედებათ, 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“, — აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ისლამური წარწერის მქონე ბეჭედი, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
