სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, გამოსავკლევი მიმართულებიდან ერთ-ერთზე, რომელიც კამიტის შესაძლო გამოყენებას ეხებოდა, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.
მისივე თქმით, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
"ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს"- თქვა მაღრაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
