logo
ENG



სუს: ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

17 მაი 202311:09
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო მხარდამჭერის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა.

"კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება", - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.


close დახურვა