logo
ENG



სწრაფი ტესტები ქვეყანაში დროულად უნდა შემოეტანათ - ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს

23 მარ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ კრიზისის მართვა - ოპოზიციაში მთავრობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პირველი, რაც ხელისუფლებას დროულად უნდა გაეკეთებინა, ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტის შემოტანაა.

„მარნეული არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავინახეთ ხარვეზი, ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა. მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა სწორია, მაგრამ ასევე საჭიროა ნებისმიერი საქალაქთაშორისო მიმოსვლის ჩაკეტვა, რადგან ვირუსი არის გარეთ, შეზღუდვები გაარღვია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ხატია დეკანოიძეს კითხვები საზღვრის კონტროლთან დაკავშირებით აქვს. მისთვის გაუგებარია, თუ ვირუსით ინფიცირებული პაციენტი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა, რატომ არ მოხდა მისი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა.

„გუშინ შუა დღეს ბატონი ცერცვაძის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ ეს არ დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა. თუ შემოვიდა აზერბაიჯანიდან საზღვარზე, რატომ არ იყო კარანტინში ეს ადამიანი კარანტინში? მეორე ჩემი შეკითხვაა, თუ ეს ადამიანი პნევმონიით იწვა ჰოსპიტალში, რატომ არ მოხდა სამი დღის მანძილზე მისი ტესტირება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ხელისუფლებაში ოპოზიციის კრიტიკას სპეკულაციად აფასებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„თუ ვინმე ისპეკულირებს იმით, რომ სახელმწიფოს კიდევ რაიმე უნდა გაეკეთებინა, მგონი არ იქნება სამართლიანი. სახელმწიფო მართლაც მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ასევე არის ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი ამიტომ ვფიქრობ, აქაც სპეკულირებას აქვს ადგილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ შორის ეთნიკური უმცირესობებიც იყოს დაცული ზუსტად ისე, როგორც დაცულია საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3320 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235. ვირუსი 5-მა პაციენტმა დაამარცხა.

 


close დახურვა