ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სწრაფი ტესტების გარეშე კორონავირუსის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, უიარაღოდ იბრძვის ქვეყანა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ვირუსი ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ და თუკი სწრაფი ტესტებით არ მოხდება ადამიანების იდენტიფიცირება, კარანტინში მათი ყოფნა აზრს კარგავს.
„ზუსტად ერთი თვეა ამაზე ვსაუბრობთ - თებერვლის ბოლო იყო, როცა რამდენიმე კვალიფიციურმა ჯგუფმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან გაჩნდა ევროპიდან სწრაფი და ხარისხიანი ტესტების შესახებ წინადადება. ეს დაიბლოკა. მარტის შუაში, როცა მოხდა ამის გასაჯაროება და როცა კვალიფიციურმა ექსპერტებმა დაიწყეს საუბარი, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მომწოდებლების მოძიება, მაგრამ ხელში შეგვრჩა ჩინეთიდან უხარისხო მომწოდებელი. ჩვენ, პრაქტიკულად, ტესტების გარეშე, ანუ შეიარაღების გარეშე ვუშვებთ ექიმებს ბრძოლის ველზე. როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ გავრცელებას, თუკი კარანტინიდან გამოსულები არიან ხოლმე უსიმპტომოები და არიან გამავრცელებლები. ისლანდიაში 2 აპრილის მონაცემებით კარანტინში მყოფების 54%-ს დაუდასტურდა ვირუსი. თუნდაც იყოს ეს 20% - რა აზრი აქვს კარანტინს, თუკი არც ტესტირება ჩატარდება და მხოლოდ სიმპტომებს ველოდებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი, ხოლო სამი მათგანი გარდაიცვალა.