ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ "დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე".
"სასიამოვნო სპიკერ პელოსისთან შეხვედრა და ტაივანისადმი მისი დიდი ხნის მხარდაჭერის აღიარება. თქვენი ვიზიტი არა მხოლოდ ასახავს აშშ-ს კონგრესის ძლიერ მხარდაჭერას ორმხრივი კავშირების მიმართ, არამედ მსოფლიოს გზავნილს უგზავნის, რომ დემოკრატიები ერთად დგანან საერთო გამოწვევების წინაშე", - წერს ტაივანის პრეზიდენტი ტვიტერზე.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მიიღო ტაივანის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. პელოსის ჯილდო პრესკონფერენციამდე ჟურნალისტებისა და ოფიციალური პირების თანდასწრებით ტაივანის პრეზიდენტმა გადასცა.
ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.