ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთის 17-მა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადალახა.
უწყების ცნობით, მედიანური ხაზი ორ ტერიტორიას შორის არაოფიციალურ საზღვარს წარმოადგენს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინმა ბოლო პერიოდში კუნძულის სიახლოვეს სამხედრო მოქმედებები გაააქტიურა.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც.
ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
მოგვიანებით, 5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ სანქციები დაუწესა. პეკინმა განაცხადა, რომ სანქცირების მიზეზი ისაა, რომ პელოსიმ ჩინეთის სუვერენულობა საფრთხის ქვეშ დააყენა.
ასევე 5 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა, ხოლო 4 აგვისტოს სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან. ამერიკა თავის მხრივ ამბობს, რომ ჩინეთს ტაივანის იზოლირებას საშუალებას არ მისცემს.