logo
ENG



ტელეწამყვანი დონ ლემონი ამბობს, რომ CNN-დან გაათავისუფლეს

25 აპრ 202308:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/g0w54kti3rw8vg1.jpg

CNN-ის დიდი ხნის ტელეწამყვანი დონ ლემონი ამბობს, რომ არხიდან გაათავისუფლეს. ლემონმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით "გაოგნებულია" და გათავისუფლების შესახებ პირდაპირ არ შეატყობინეს.

"დილით აგენტმა მაცნობა, რომ CNN-დან გამათავისუფლეს. CNN-ზე 17 წლის მუშაობის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ვინმეს მენეჯმენტიდან ექნებოდა წესიერება პირდაპირ ეთქვა. არასდროს მიმიღია რაიმე მინიშნება, რომ საყვარელ სამუშაოს ვეღარ გავაგრძელებდი", - ამბობს ლემონი.

CNN თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლემონისა და სატელევიზიო ქსელის გზები გაიყო. გარდა ამისა, არხზე აღნიშნავენ, რომ ლემონს შესთავაზეს მენეჯმენტთან შეხვედრა, მაგრამ მან Twitter-ის პირად ანგარიშზე განცხადების გამოქვეყნება ამჯობინა. CNN ლემონის ვერსიას "არაზუსტს" უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ არც ლემონის და არც CNN-ის განცხადებებში გათავისუფლების მიზეზი ნახსენები არაა.

დონ ლემონი CNN-ს 2006 წელს შეუერთდა. ის თითქმის 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა შოუს Don Lemon Tonight-ს და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც რასისტს უწოდებდა.

წლის დასაწყისში ლემონი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ნიკი ჰეილის მისამართით გაკეთებული კომენტარების გამო. ლემონმა თქვა, რომ ჰეილი არ იყო კარგ ასაკში და ქალის კარგი ასაკი არის 20, 30 ან "შესაძლოა" 40. მოგვიანებით, ლემონმა სექსისტური კომენტარების გამო ბოდიში მოიხადა.

ლემონი ორშაბათს ეთერში იყო გადაცემით CNN This Morning, რომლის წამყვანიც რამდენიმე თვის წინ გახდა.


close დახურვა