logo
ENG



ტიკარაძე: გვაქვს 2 დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება

19 დეკ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: გვაქვს 2 დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეზღუდვების შესახებ კონსულტაციები როგორც მთავრობაში, ისე ბიზნესთან და ექსპერტებთან მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებად კვლავ რჩება მკაცრი შეზღუდვები, თუმცა, უწყება ითვალისწინებს, რომ ამის გამო მოქალაქეებს მენტალური პრობლემები უჩნდებათ. 

"აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. ჩვენს სტუმართან, ჰანს კლუგესთან ერთადაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამინების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს. შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ბერკეტი, რომ მივუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება". - თქვა ტიკარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 21:00 სთ-დან დაიწყო. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება. მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

თუმცა, ეპიდემიოლოგების და მთავრობის წარმომადგებლების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვები არ შემსუბუქდეს. 


close დახურვა