ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქართველების დროებით დასაქმებაზე გერმანიის შემდეგ მოლაპარაკებები აქვთ საფრანგეთთან, საბერძენთთან და ისრაელთან.
როგორც მან პარლამენტში ისაუბრა, გარკვეული მოლაპარაკებები კვიპროსთანაც მიმდინარეობს.
"შემდეგი ქვეყნები, რომლებიც მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება", - თქვა ტიკარაძემ.
მისი განცხადებით, გერმანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ქართველების დროებით დასაქმებაზე ევროპის არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა ინტერესი.
საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმება დაიდო, რის საფუძველზეც ქართველები გერმანიაში დროებით დასაქმებას შეძლებენ. პორტალზე 24 საათში საქართველოს 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/