logo
ENG



ტიკარაძე: დაყოვნება სხვა ვირუსზეც ყოფილა, პრეტენზია სასწრაფო დახმარებაზე არაკორექტულია

21 ოქტ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები არაკორექტულია. მისი თქმით, პაციენტებთან ექიმების მისვლის დაყოვნების ფაქტები სხვა ვირუსების დროსაც ყოფილა.

ტიკარაძის თქმით, ვირუსით დაავადებული ადამიანი არ წარმოადგენს კარდიოლოგიურ ან ნევროლოგიურ პაციენტს, რომელსაც სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლა 20 წუთში ესაჭიროება.

"სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2-დან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის დროს ნორმალურია. ვინაიდან, ჩვეულებრივი ვირუსის დროს მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს. ეს არის გეგმიური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ აღჭურვილობის გამოცვლას. ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ და აქედან გამომდინარე, პრეტენზია სასწრაფო დახმარების მიმართ არაკორექტულია", - აცხადებს ტიკარაძე.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, საზოგადოებაში აცხადებენ, რომ 112-ში დარეკვა პრობლემური გახდა, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე საათში მიდიან.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 172 გარდაიცვალა.


close დახურვა