ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, ექიმების გარდა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.
"მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა.
სწორედ ეს ჯგუფები გახლავთ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც კოვიდინფექცია არის ერთერთი ყველაზე საშიში ინფექცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა", - თქვა ტიკარაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, ისინი პორტალზე რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 3 843 მუშაკია აცრილი.