ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე თითქმის ორჯერ მეტი ექიმი მოდის, თუმცა, ზოგიერთი პროფესია დეფიციტურია, გეოგრაფიული განაწილება - ფრაგმენტული.
საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ტიკარაძემ თქვა, რომ ზოგ დარგში ექიმების კრიტიკული დეფიციტია, მაგალითად, მისი განცხადებით, საქართველოში სულ 345 რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია, რაც საჭიროზე 700-ით ნაკლებია.
ასევე, ქვეყანაში მხოლოდ 55 კარდიოქირურგია, რაც კრიტიკული ზღვარია.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ თბილისში 1000 მოსახლეზე 11 ექიმი მოდის, რეგიონებში კი - 4.
მისივე განცხადებით, ექიმების 12%, ანუ 28 000 სპეციალისტი ერთდროულად 4 ადგილას მუშაობს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ერთზე მეტ ადგილას მუშაობს ექიმების 42% - 10 000 ადამიანი.
ტიკარაძის თქმით, დაბალი ანაზღაურებით, პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნით და სერვისის მიწოდების წყვეტით არის განპირობებული.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ექიმების დიდი რაოდენობის ასაკი 70 წელს აღემატება, რაც ასევე პრობლემაა.
***
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს და მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.