ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით:
"ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი გააკეთებენ განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები, პირველ რიგში, პასუხგაცემული მესაჭიროება იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა", - თქვა ტიკარაძემ.
მისი განცხადებით, ვერ ისაუბრებს, რატომ მოხდა შეყოვნება და რატომ არ გადაიყვანეს თორდია დროულად კლინიკაში და სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს სააგენტო.
თორდია კორონავირუსით გუშინ, 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგოს მშობლები ყვებიან, რომ მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდსასტუმროში გადაყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო. გადაყვანიდან მეორე დღეს მშობლებმა სასწრაფოსა და ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყეს რეკვა, დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის იმედით, თუმცა, მათი თქმით, უწყებები სხვადასხვა მიმართულებით უსასრულოდ ამისამართებდნენ.
"ვრეკავდით ჯანდაცვაში. ჯანდაცვა გვეუბნებოდა, ჩვენ არ გვეხება, დარეკეთ სასწრაფოშიო. სასწრაფოში გვეუბნებოდნენ, დარეკეთ ჯანდაცვაშიო. ასე გაიწელა", - ჰყვება გარდაცვლილის მამა.
სასწრაფოს ადგილზე მისვლის შემდეგ კი პაციენტს და მკურნალ ექიმს განუცხადეს, რომ ადგილების არარსებობის გამო გოგოს ჰოსპიტალში ვერ გადაიყვანდნენ.
"ჩვენ ვუთხარით, არ შეიძლება ასე, სადამდე შეიძლება... ცოტა ხანში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ კარგი ამბავი ჰქონდათ. ამ სასტუმროში გამოჩნდა ადამიანი, რომლის კლინიკაშიც არის ადგილიო.
უკვე მძიმედ იყო. მე ვწერდი, ვამშვიდებდი... ბოლოს შეწყდა ეს. ვიფიქრე, ალბათ, დაეძინა. ამის შემდეგ ეძინა, სანამ არ გარდაიცალა. გვითხრეს, რომ ფილტვების 24-დან 20% ჰქონდა დაზიანებული", - ჰყვება გარდაცვლილის მამა.
გარდაცვლილის დედა კი იხსენებს, რომ შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის დაუსრულებელი მცდელობების შემდეგ სასწრაფოს ექიმმა ურჩია ეპოვნა ახლობელი, რომელიც საქმეს "ჩაუწყობდა" და დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანას უზრუნველყოფდა.
ანალიზების ასაღებად საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბრუნების შემდეგ, კოვიდსასტუმროს მკურნალმა ექიმმა გოგოს დედას უთხრა: "მეგონა, რაღაც სინდისიც შეაწუხებდათ და ასეთ მდგომარეობაში ბავშვს უკან აღარ დააბრუნებდნენო", - ყვება გარდაცვლილის დედა.
საბოლოოდ კი კოვიდსასტუმროში გერმანული ჰოსპიტალის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონასთვის საავადმყოფოში ადგილი იპოვნა, თუმცა, გარდაცვლილის დედის თქმით, დაგვიანებული რეაგირების გამო, მისი შვილი ვეღარ გადაარჩინეს.