საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკაზე, რომლის მდგომარეობაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა, ექიმთა კონსილიუმი იმსჯელებს.
მინისტრის თქმით, ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
"პაციენტი გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და აქაც ჩვენ გვაქვს განხორციელებული დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ, ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 9 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. მე დარწმუნებული ვარ, ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო როგორც იცით დღის 4 საათზე უკვე იმყოფებოდა ადგილზე კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდით მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც, მოქალაქეებს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რატომ და რისგან დადგა ეს ფაქტი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოდიყვანა. ექთნის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.