logo
ENG



ტიკარაძე პანსიონზე: გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მივიღებთ, რაც ბავშვებზე დასკვნები დაიდება

29 ივნ 202116:53
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე პანსიონზე: გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მივიღებთ, რაც ბავშვებზე დასკვნები დაიდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხი განიხილეს. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა მხარე ეთანხმება იმ აზრს, რომ ბენეფიციარების მცირე ბავშვთა სახლებსა და ოჯახებში გადაყვანა მნიშვნელოვანია და ამ პროცესს მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

"საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რათა მათი გამეორება არ მოხდეს და სრულიად იყოს დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ვისაუბრეთ ყველა იმ გეგმაზე, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოში მოგვეპოვება. ყველა ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა, ბავშვების გადაყვანა საკუთარ ოჯახებში და ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა", - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა, მინისტრმა თქვა, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ბენეფიციარებთან მუშაობას დაასრულებენ.

"ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველამ ერთად იქ სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და მას შემდეგ, რაც დადებენ დასკვნას, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ამ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ჩვენ მივიღებთ იმ შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ სად მოხდება ამ ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს როგორც სახელმწიფო, ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

გუშინ, 28 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა. ეს პირველი ვიზიტი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

ნინო ლომჯარიას შესვლა პანსიონში მას შემდეგ გადაწყდა, რაც დაწესებულების ხელმძღვანელი შეიცვალა - წინა დირექტორი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდა. მოქმედმა ხელმძღვანელმა კი თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები და თავად ლომჯარია პანსიონში შესულიყვნენ მონიტორინგის მიზნით.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს. 

პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

 

close დახურვა