logo
ENG



ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრაზე: ვალდებული ვარ, საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული

18 მარ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრაზე: ვალდებული ვარ, საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება. 

"შეხვედრის მიზანი იყო მისი [პატრიარქის] ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს კოვიდ პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქომ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა "ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ".

"პატრიარქის განწყობა არის ცალსახად ის, რომ ის, როგორც ჩვენ, ვართ მომხრე, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია. არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს მიმდინარე მოვლენები", - თქვა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ინიციატივა ორმხრივი იყო, თუმცა თავს ვალდებულად თვლის, საპატრიარქოს მიმდინარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

"შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება, საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


close დახურვა