logo
ENG



ტრამპის თქმით, FBI-ს აგენტებმა ფლორიდაში მისი სახლი გაჩხრიკეს

09 აგვ 202209:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/0ztlhmikkvwyfm8.jpg

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ფლორიდაში მისი სახლი FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს და სეიფი გატეხეს.

ტრამპის თქმით, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში "აგენტების დიდი ჯგუფის მიერ იყო ოკუპირებული".

ამერიკული მედია წერს, რომ ჩხრეკა დაკავშირებულია ოფიციალურ დოკუმენტებთან, რომელიც ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა თეთრი სახლიდან წაიღო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს რამდენიმე დოკუმენტი ამოიღეს.

"ეს ბნელი პერიოდი ჩვენი ერისთვის", - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში. მისი თქმით, ის თანამშრომლობდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, ამიტომაც "გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო ან მიზანშეწონილი".

იგი ამბობს, რომ "მართლმსაჯულების სისტემას იარაღად" იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ, საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ კენჭი იყაროს.

"ასეთი თავდასხმა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა გახდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც კორუმპირებულია იმ დონეზე, რაც აქამდე არ გვინახავს", - აღნიშნავს ტრამპი.

CBS News აღნიშნავს, რომ ჩხრეკის დროს ტრამპი ნიუ-იორკში, ტრამპ ტაუერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ერიკ ტრამპმა Fox News- ს უთხრა, რომ FBI-ს ორდერი ჩხრეკაზე უკავშირდებოდა ეროვნული არქივის ჩანაწერებთან მოპყრობის გამოძიებას. პალმ ბიჩში ტრამპის უფროსმა მრჩეველმაც დაუდასტურა ერთ-ერთ ამერიკულ ტელევიზიას, რომ ჩხრეკა დოკუმენტებს უკავშირდებოდა.

თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო სააგენტოა და პრეზიდენტის დოკუმენტებს ინახავს, იუსტიციის სამინისტროს მიმართა, ტრამპის მიმართ გამოძიება დაიწყოს იმის გამო, თუ როგორ ექცევა ის ოფიციალურ დოკუმენტებს. ეროვნულ არქივში განაცხადეს, რომ მარ-ა-ლაგოს სახლიდან დოკუმენტების 15 ყუთი ამოიღეს, რომელთაგან ნაწილი საიდუმლო ჩანაწერებს წარმოადგენდა.

როგორც BBC განმარტავს, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ყველა თავისი წერილი, სამსახურებრივი დოკუმენტი თუ ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბევრი დოკუმენტი უკანონოდ დახია.

თვითონ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ ეს "ფეიკია".

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CBS-ს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩხრეკის შესახებ არაფერი იცოდა.

ეროვნული არქივის დოკუმენტების საქმის გარდა ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ტრამ,პის კავშირებს იძიებს.


close დახურვა