logo
ENG



ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო 10 დღეში მიიღოს

19 თებ 202620:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/uqe34lr3dqlcc4g.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანის საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღოს. 

"შესაძლოა, ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ან შესაძლოა – არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ", - თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ამის შესახებ მომდევნო 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ეს განცხადება მან მშვიდობის საბჭოს პირველი სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ "დღევანდელი შეხვედრა იმის მტკიცებულებაა, რომ მტკიცე ლიდერობის პირობებში შეუძლებელი არაფერია".

დონალდ ტრამპის თქმით, ირანი აღარ უნდა ემუქრებოდეს მთელი რეგიონის შესაძლებლობებს.

"მათ უნდა გააკეთონ შეთანხმება, ეს შეიძლება მოხდეს, შეიძლება არა, მაგრამ ცუდი რამ მოხდება. ირანთან გარკვეული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. მარტივად, მათ ვერ ექნებათ ბირთვული იარაღი. ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა, თუ მათ ბირთვული იარაღი ექნებათ. ეს მათ ძალიან მკაცრად შეატყობინეს", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ. კერძოდ, WSJ წერს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე გაგზავნა დიდი რაოდენობით ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე თვითმფრინავები.

ფრენების ონლაინ მონაცემების და აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უახლესი F-35 და F-22 გამანადგურებლები გადაიყვანა.

ამასთან, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანს ამ შაბათ-კვირას დაესხან თავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს.

OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში.

ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.


close დახურვა