დონალდ ტრამპის თქმით, ჰარისთან მეორე დებატების გამართვას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.
პოსტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჰარისის კამპანიამ განაცხადა, რომ დემოკრატი მზადაა მეორე შეხვედირსთვის და კიდევ ერთი დებატები სურს.
"როდესაც პროფესიონალი ბოქსიორი აგებს ბრძოლას, პირველი, რასაც ამბობს, არის "რევანში მინდა", - დაწერა ტრამპმა და ჰარისზე მიანიშნა.
იგი ამტკიცებს, რომ გამოკითხვებით, დებატებში მან "აშკარად გაიმარჯვა". თუმცა სხვადასხვა გამოკითხვით, რომელიც დისკუსიიდან მალევე გასაჯაროვდა, ჰარისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც "კამალამ და ჯომ გამოიწვიეს" დეტალურად იქნა განხილული მისი პირველი დებატების დროს ბაიდენის წინააღმდეგ და მისი მეორე დებატების დროს ჰარისის წინააღმდეგ.
"მესამე დებატები აღარ იქნება!"- დაწერა მან.
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის პირველი და, როგორც ჩანს, უკანასკნელი დებატები 11 სექტემბერს შედგა. კანდიდატები ბევრ საკითხს შეეხნენ, მათ შორის, ეკონომიკას, შიდა და საგარეო პოლიტიკას, მიგრაციას, აბორტს, ომს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.
დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ორივე კანდიდატმა ერთმანეთს "მატყუარა" უწოდა.
ტრამპისთვის ეს იყო მეშვიდე წინასაარჩევნო დებატები მას შემდეგ, რაც 2016 წელს კანდიდატურა წამოაყენა. ჰარისისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო. უფრო მეტიც, კანდიდატები პირისპირ არასდროს შეხვედრილან და დებატების სცენაზე პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს.
დებატები ფილადელფიაში, კონსტიტუციის შესწავლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა და ორი სარეკლამო შესვენებით 90 წუთს გაგრძელდა. კითხვებს ჟურნალისტები სვამდნენ. კანდიდატის საუბრის დროს კი ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო.
გარდა ამისა, კანდიდატებს არ ჰქონდათ უფლება წინასწარ მომზადებული ჩანაწერები ჰქონოდათ და რეკლამის დროს შტაბის თანამშრომლები მათთან ვერ საუბრობდნენ. გარდა ამისა, კანდიდატები ერთმანეთს კითხვებს არ უსვამდნენ.