მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე დონალდ ტრამპის რეაგირებამ გადამდგარ გენერალს დუმილი დაარღვევინა. ადმინისტრაციის ყოფილი პირველი თავდაცვის მდივანი პრეზიდენტს ხალხის დაყოფასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ეს გენერალ ჯეიმს მატისის ფაქტობრივად პირველი მწვავე განცხადებაა პოსტიდან წასვლის შემდეგ. მისი და ტრამპის გზები კი სირიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომების გამო გაიყო.
გადამდგარი გენერალი ძალადობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დასაშლელად ჯარების გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა ამერიკაში არ ცხრება. აქციები და ხალხმრავალი მსვლელობებია თეთრ სახლთან და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ხალხი ძალადობრივი სისტემის შეცვლას მოითხოვს.
უმწვავესი დაპირისპირების მიზეზი ამერიკის პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის პირველ თავდაცვის მდივანს შორის, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული პროტესტის მიმართ, ტრამპის მიდგომა გახდა. გენერალ ჯეიმს მატისის განცხადებაში, რომელიც "ატლანტიკმა" გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი ხალხის გაყოფას უწყობს ხელს.
ჯეიმს მატისმა თავდაცვის მდივნის პოსტი 2018 წლის დეკემბერში დატოვა. ის არ ეთანხმებოდა ტრამპის პოლიტიკას სირიასთან დაკავშირებით და გადადგა. ამ პერიოდის განმავლობაში გენერალი ჩუმად იყო და ადმინისტრაცია არ გაუკრიტიკებია. ტრამპის მუქარამ, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული პროტესტის შესაკავებლად სამხედროების განოყვანის შესახებ, მატისის მწვავე რეაქცია გამოიწვია და ტრამპი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავდაცვის ყოფილი მდივნის განცხადებას დონალდ ტრამპმა ტვიტერით უპასუხა და თქვა, რომ ადამინისტრაციიდან მატისის გაგდებით მოხარულია.
"ვერ ვსუნთქავ" უკვე მეცხრე დღეა სკანდირებენ საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები ვაშინგტონის ქუჩებში. აქციები ტარდება კაპიტოლიუმთან, თეთრ სახლთან და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყოველდღურად იმართება ხალხმრავალი მსვლელობა. ვაშინგტონში, რომელსაც შტატის სტატუსი არ აქვს და კოლომბიის ოლქის ფარგლებშია, ძალოვანების მობილიზებაზე პრეზიდენტს გადაწყვეტილოება უადვილდება.
ქალაქის ქუჩებში ადამინისტრაციის დავალებით არა მხოლოდ პოლიცია და ეროვნული გვარდია, არამედ გამოძიების ფედერალური ბიუროს, საიდუმლო სამსახურის, ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრუქტურის, საიმიგრაციო სამსახურების და სხვა უწყებების აგენტებიც დგანან.
ვაშინგტონის მერმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ქალაქის მილიტარიზებას აგრძელებს. მისი თქმით ძალადობის პრობლემა ძალადობით ვერ მოგვარდება.