logo
ENG



ტრამპმა გენპროკურორთან შეხვედრა გამართა

01 ივნ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში პოლიციელის მხრიდან ძალადობის გამო დაწყებული მწვავე პროტესტის ტალღა მეექვსე დღეა, არ ცხრება. დღეს დილიდან პრეზიდენტს გენერალურ პროკურორთან ჰქონდა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა. შემდეგ კი ტელეკონფერენცია მოაწყო გუბერნატორებთან და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებთან წესრიგის აღდგენის საკითხებზე.

40-მდე ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დემონსტრაციები ვანდალიზმით დასრულდა, - იწვის ეკლესიები, ფედერალური შენობები, სავაჭრო ცენტრები. რასიზმის და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა უმართავი სახე მიიღო. აქციებს მხოლოდ ნიუ-იორკში 350 დაკავებული ჰყავს, 1400-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით.

ვაშინგტონის და ატლანტის მერებმა მოუწოდეს დონალდ ტრამპს, საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით ტონი შეცვალოს.

„მან საუბარი უნდა შეწყვიტოს. ეს შარლოტესვილის თავიდან დაწყებას ჰგავს. ის ლაპარაკობს და საქმეს აფუჭებს. ახლა დროა, როდესაც ჩუმად უნდა იყო და ვისურვებდი, ის ჩუმად იყოს", - აცხადებს ქიშა ლენს ბოთომსი. 

რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ კალიფორნიის სანაპირო ქალაქ სანტა-მონიკაში. სხვა დიდი ქალაქების მსგავსად საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ლოს-ანჯელესმა, როდესაც დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა. ამერიკის ბევრ ქალაქში მოქალაქეები მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევენ და ტანსაცმელს იპარავდნენ.

ეროვნული გვარდიის დანაყოფები 15 შტატში და კოლუმბიის ოლქში განალაგეს. ამის მიუხედავად პროტესტი და ქაოსი ისევ გრძელდებოდა. მათ შორის ფილადელფიაში, სადაც დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს. მთავარი საავტომობილო მაგისტრალები გადაკეტეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მაიამიში. ხალხმრავალი მშვიდობიანი დემონსტრაციია გაიმართა ნიუ-იორკში, თუმცა პარასკევს და შაბათს, დემონსტრანტებს და პოლიციის ოფიცრებს შორის ქალაქის ქუჩებში შეტაკებებსაც ჰქონდა ადგილი. 

ნიუ-იორკის მერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის ვერ დაადანაშაულებს პოლიციელებს, რომლებსაც აბსოლუტურად უმართავ ვითარებასთან გამკლავება მოუხდათ. მისი თქმით პატივს სცემენ მშვიდობიან პროტესტს, თუმცა ახლა ხალხი სახლში უნდა წავიდეს. 

„ნიუ-იორკის პოლიცია ხშირ შემთხვევაში თავშეკავებული იყო. თუმცა დავინახეთ შეცდომებიც, რომლებიც სრულად შესწავლას საჭიროებენ და პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ. საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება თუ რა მოხდა ნიუ იორკში ამ დღეებში როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სხვა ყველა ჩართული პირის მხრიდან", - ამბობს ბილ დე ბლასიო.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრაციების ძლიერი ტალღა იმ კადრების გავრცელებამ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს ძალის გამოყენებით აკავებს. კაცი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ აიყვანეს. 


close დახურვა