logo
ENG



ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო საათებში 73 პირი, მათ შორის სტივ ბენონი შეიწყალა

20 იან 202116:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/20/gqzyfgdvqaq1f49.jpg

დონალდ ტრამპმა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერა ბოლო შეწყალების აქტს, რითიც 73 ადამიანი შეიწყალა, 70-ს კი სასჯელი შეუმცირა. შეწყალებულებს შორის არიან მისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რეპერი ლილ ვეინი და დეტროიტის ყოფილი მერი კვეიმ კლიმპატრიკი.

მოლოდინი, რომ ტრამპი საკუთარ თავს შეიწყალებდა, არ გამართლდა, თუმცა სამართლებრივად სადავოა ისიც, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს საკუთარი თავის შეწყალება.

შეწყალებულთა შორის არიან ცნობილი ადამიანები, ყოფილი კანონმდებლები, აღმასრულებლები და პრეზიდენტის ოჯახისა თუ კონგრესის წევრებთან დაკავშირებული პირები.

ტრამპმა არც ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალა და არც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი.

როგორც ამბობენ, ტრამპმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და შეწყალებულთა სიაში ბოლოს შეიყვანა თეთრი სახლის ყოფილი სტრატეგი სტივ ბენონი.

შეწყალებულთა შორისაა ლილ ვეინის სახელით ცნობილი რეპერი დუეინ კარტერი, ასევე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი უმსხვილესი შემომწირველი ელიოტ ბროიდი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი ენტონი ლევანდოვსკი, კომპანია InterMune-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სკოტ ჰარკონენი, რესპუბლიკელი რიკ რენზი, კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი პოლ ერიქსონი და წარსულში ტრამპის სიძესა და უფროს მრჩეველ ჯარედ კუშნერთან დაახლოებული კენ კურსონი.

მათ შორის კი, ვისაც სასჯელი შეუმცირდა, Kodak Black-ის სახელით ცნობილ რეპერ ბილ კაპრისა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი 835 წლიანი სასჯელის მქონე ყოფილ ბიზნესმენსა და ფილანტროპისტ შოლამ ვეისს ვხვდებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი


close დახურვა