"შეიძლება იყოს ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სხვადასხვა ღონისძიებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაატარებენ.
"საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში, ისევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.
ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვბის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება უკვე არსებულ შეზღუდვებს, 4 ნოემბრიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მანამდე კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც საკოორდინაციომ შემოიღო, არის 22:00 საათის შემდეგ რესტორნების დახურვა.
აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ალაპარაკდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყოველდღიურად, აქციებისა და მსველობების მეშვეობით ითხოვენ. კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.