"ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა", - ამ განცხადებას ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
ტურისტული სექტორის წარმომადგენლები საერთო განცხადებაში წერენ, რომ მსგავს გამოხმაურებებსა და ძალადობის დაგმობას სხვადასხვა პროფესიული წრიდანაც ელიან.
„ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.
ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ - უბრალო მოქალაქე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება საქართველოს მეღვინეებმაც გამოაქვეყნეს და 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობას გაემიჯნენ.
5 ივლისს განხორციელებული ძალადობა დაგმო ვენის სადაზღვევო ჯგუფმა ჯიპიაი ჰოლდინგი. მათი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კომპანიამ და ცალკეულმა ინდივიდმაც მკაფიოდ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.