logo
ENG



უახლესი ცნობებით, დნიპროში კორპუსის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა მოზარდი

15 იან 202301:02
3 წუთის საკითხავი
 

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, უახლესი მონაცემებით, დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა 15 წლის გოგოც.

რეზნიჩენკოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 64 ადამიანია დაშავებული, 59 მათგანი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები კი სახლში მკურნალობენ.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, მათგან ყველაზე პატარა 3 წლისაა. კიდევ ერთი ბავშვის - 9 წლის გოგოს მდგომარეობა კი მძიმეა. რეზნიჩენკოს ცნობით, 37 ადამიანი შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.

რეზნიჩენკოს თქმით, შემთხვევის ადგილას 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია დამხმარე ტექნიკა. ტერიტორიის ნანგრევებისგან გასუფთავება გრძელდება და დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

გარდა ამისა დნიპროს მერის, ბორის ფლიატოვის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მთელ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.


close დახურვა