ჯანდაცვის სპეციალისტები კორონავირუსის ახალი შემთხვევების სწრაფ მატებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ და მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სწრაფი ტესტების გამოყენება.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, დაინფიცირებულების რიცხვი უნდა დაზუსტდეს, ამისთვის კი ტესტირების მაჩვენებელი უნდა გაფართოვდეს.
მისივე თქმით, აუცილებელია ექიმების გადამზადებაც, საზოგადოების ინფორმირება და სამოქმედო გეგმის დასახვა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პიკის განსაზღვრა შეუძლებელია.
„ის შემთხვევებიც კი, რაც დღეს გვაქვს, არ არის ზუსტი სურათის შესაქმნელად საკმარისი. ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებშიც კი ვართ ბოლო ადგილზე მილიონ ადამიანზე ტესტირებით - მაჩვენებელი ძალიან დაბალია. უახლოესი ერთი თვე იქნება გადამწყვეტი - ამაზე ყველა თანხმდება", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.