ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა
ლეიბორისტული პარტიის ოფისში პარტიები იმსჯელებენ იმ წინადადებაზე, რაც მათ გუშინ, 4 დეკემბერს ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს.
"ჩვენ გუშინ წარვუდგინეთ ელჩებს წინადადებები, რომლებიც ეფუძნება საერთო ოპოზიციურ სულისკვეთებას. მასში საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს დოკუმენტი ერთგვარად არის ერთგვარი საგზაო რუკა, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია და გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან". - თქვა გიგი უგულავამ ფორმულასთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა.
"ჩვენ სპეციალურად გადავწყვიტეთ, შეთავაზება წერილობითი ყოფილიყო. ვითხოვთ წერილობით პასუხს - რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რატომ არ მოსწონთ, რომ მერე არ იყოს სპეკულაციები. თუ არ წამოვლენ ამაზე, თქვენ ეს, უთხრან ფასილიტატორ ელჩებს". - ამბობს უგულავა.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარტიები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების 2 რაუნდი უკვე შედგა, თუმცა უშედეგოდ. როდის გაიმართება მესამე რაუნდი, უცნობია. როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს ქართული ოცნების შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.