"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში, 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას დადებითად აფასებს.
ამასთან, უგულავა არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება შეიძლება იყაროს მან კენჭი, თუმცა აცხადებს, რომ ეს თბილისი არ იქნება. თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ახლა მთავარია კონსულტაციები გაგრძელდეს და ოპოზიცია, თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებზეც შეჯერდეს.
"ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისის ოლქებზე, აუცილებელია კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, მაგალითად როგორიც არის რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი. აქაც მნიშვნელოვანია, რომ ქალაქების ხმების და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ ძირითად ქალაქებში 28 ოქტომბერს დაფიქსირდეს, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში, "ქართული ოცნების" მარცხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.