logo
ENG



უგულავა: თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, ეს არის სწორედ გაყალბებული არჩევნები

11 დეკ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, ეს არის სწორედ გაყალბებული არჩევნები

ევროპული საქათველოს ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დღევანდელი აქცია-ბოიკოტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ არის მიმართული, არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება. 

უგულავას თქმით, ქვეყნის დემოკრატიას ყველაზე მეტად სწორედ გაყალბებული არჩევნები აზიანებს. 

"ჩვენი დღევანდელი აქცია - ბოიკოტი მე-10 მოწვევის გაყალბებულ პარლამენტს, სწორედ პარლამენტარიზმის დაცვას და არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება. იმიტომ რომ, როდესაც არჩევნები გაყალბდება, თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, თუ რამე აზიანებს არჩევანის თავისუფლებას - ეს არის სწორედ გაყალბებული არჩევნები. ამიტომ დღეს აქ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, ამ ისტორიულ ადგილას რაც ხდება, არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი", - თქვა უგულავამ.

პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ. 

მონაწილე პარტიები ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

ბარიერგადალახული პარტიები მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად 14 დეკემბერს მიმართავენ. მანამდეა ჩანიშნული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართება. 

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს. 


close დახურვა