გიგი უგულავა ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, სადაც ივანიშვილი ახრჩობს და ახშობს დამოუკიდებელ ტელევიზიებს.
უგულავას თქმით, "დებილია ყველა, ვინც აპრავებს", რომ ივანიშვილი არ არის რუსი და არ მიგვაქანებს რუსეთში.
"სამწუხაროდ, გადამწყვეტ ფაზაში შევედით დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ფართო სურათი გამოიყურება ასე, რომ ივანიშვილი ახრჩობს და ახშობს დამოუკიდებელ ტელევიზიებს, მერე ბუნებრივად იჩუტება ოპოზიციაც და ესე, დაკოდილი ქვეყანა უკვე მზად იქნება იმ ამოცანებისთვის, რაც ივანიშვილს აქვს. ზღაპრების მოყოლა აღარ არის საჭირო, რომ რუსი არ არის ივანიშვილი, რომ რუსეთში არ მიგვაქანებს. დებილია ყველა, ვინც ამას აპრავებს. ესეთი რაღაცეები იმიტომ ხდება ამ ქვეყანაში, რომ არსებობს საზოგადოების ფენა, რომელიც ამბობს, რომ ბოლომდე ესე არ არის. რა ბოლომდე ესე არ არის? პირდაპირ მიგვაქანებენ რუსეთში, დამოუკიდებელი ტელევიზია უნდა დაკოდონ“, - თქვა გიგი უგულავამ.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.