ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, კომენდანტის საათის დაწესება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.
უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით კომენდანტის საათი ბოლოს 1989 წელს როდიონოვმა შემოიღო და მისადმი მორჩილება როდიონოვის მორჩილების ტოლფასია:
"ხომ ხედავთ, მათი რეაქცია რა არის? არ გამოხვიდეთ ქუჩაში, არ გააპროტესტოთ, თორემ კორონა მოგკლავთო. ვითომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სინამდვილეში კომენდანტის საათი ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ბოლოს 89 წელს შემოიღო როდიონოვმა, 9 აპრილის შემდეგ. ეს კომენდანტის საათი, რასაც დღეს გვაჩეჩებენ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არაფერი კავშირი არ აქვს ჩვენს ჯანმრთელობასთან. არ დავემორჩილებით, იმიტომ, რომ ეს არის როდიონოვის დამორჩილება. ეს არის ზუსტად იგივე, რაც 89 წლის 9 აპრილს გააკეთეს", - განაცხადა უგულავამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური პარტიები მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამოწვეული პროტესტის ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. როგორც ამბობენ, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. იყო კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, გაკონტროლებული ხმები. ევროპული საქართველოს ცნობით, ყველა ამ დარღვევის რაოდენობა 3-ჯერ და 5-ჯერ აღემატებოდა წინა წლების არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ასობით უბანზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა და რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი ასობით საჩივარი არ განიხილა ან არ დააკმაყოფილა.