„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ორთაჭალაში, პოლიციის განყოფილებაში თავად აპირებს მისვლას. უგულავა აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესები იმდენად აბსურდია, რომ არც უნდა შეეწინააღმდეგო.
„მივდივარ იმიტომ რომ იმდენად აბსურდია არც უნდა შეეწინააღმდეგო და ყოველი ნაბიჯით უნდა ჩანდეს, რომ ივანიშვილის, არავის არ ეშინია, არც მისი პოლიციელების, არც მისი მოსამართლეების და ამის ნიშანი არის მარტივი ჩემი ფეხით მივალ იქ“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.