logo
ENG



უგულავა: ქვეყანაში, სადაც ევროპას უკეტავენ კარს, უღებენ - რუსეთს

01 სექ 202116:01
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუნიშინდელი განცხადება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთს უღებს კარს. 

როგორც მან ფოთში, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას თქვა, ეს არის ქართული ოცნების გეოპოლიტიკური არჩევანი და ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა 2 ოქტომბრის რეფერენდუმი.

"როგორც არასდროს, საკითხი დადგა პირდაპირ: ქვეყანაში, სადაც ევროპას უკეტავენ კარს, იმ ქვეყანაში კარს უღებენ რუსეთს.  პრემიერად წოდებული არსების, ოლიგარქის მარიონეტის გუშინდელი განცხადება პირდაპირი სიგნალი იყო. ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ნათქვამი უარი კრედიტზე, გრანტზე ან დახმარებაზე.

გუშინდელი განცხადება იყო გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან, ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ და მისმა ოლიგარქმა გადაწყვიტეს და თავს მოახვიეს ამ ქვეყანას. ​ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს პარტნიორებს და ელაქუცება მტრებს, ამთავრებს შემდეგნაირად - კარგავს პარტნიორებს და ბარდება მტერს", - ამბობს უგულავა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციას,  ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.


close დახურვა