logo
ENG



უგულავა - ერთპარტიული ოცნების საპირწონე არ არის რომელიმე კონკრეტული პარტია

02 ივნ 202023:07
3 წუთის საკითხავი
 

„საპირწონე ერთპარტიული და ერთპიროვნული „ქართული ოცნების“, არ არის რომელიმე კონკრეტული პარტია, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი იყოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე, რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ ეს თამაში ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ ხდება არჩევანი 41-სა და 5-ს შორის, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილმა გაათამაშოს ის, რასაც 8 წელი აკეთებს, მაღალია. ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ ყველანი „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდის გარშემო შევიკრიბეთ, მათ შორის ბევრი ისეთი პარტია, რომელიც საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა. ჩვენ საზოგადოებას ვანახეთ, რომ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას არა მეორე ერთპარტიული მმართველობით, არამედ მრავალპარტიულით ვანაცვლებთ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება „ლელოს“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს, უგულავა აცხადებს, რომ მათ გარეშე ოპოზიციის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა „ლეიბორისტული პარტიის“, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, არ გამოვა.

„არც ყოფილა „ლელო“ შეთანხმების ნაწილი ამიტომ ვერც პრეტენზიას წავუყენებთ, თუმცა სასურველი იქნებოდა მეტი მონაწილეობა მიეღოთ. „ლელოს“ გარეშე ამ შეთანხმების გამოსვლა აბსოლუტურად რეალისტურია, „ლეიბორისტების“ გარეშე უკვე რთულია, „ევროპული საქართველოს“ გარეშე არ გამოვა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პრაქტიკულად სისულელეა. ანუ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათზე და ჩვენზეა. მერე უკვე შესაბამისად სხვა დანარჩენ პარტიებზეც“, - განაცხადა გიგი უგულავამ.


close დახურვა