logo
ENG



უგულავა გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე:პოლიტიკური კატასტროფა

16 ივნ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავებას, რომელიც „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, "პოლიტიკურ კატასტროფად" აფასებს. უგულავა აცხადებს, რომ გამოძიების გარდა, საქმეზე აუცილებელია საერთაშორისო ნაბიჯები. როგორც უგულავა განმარტავს, რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო დაცული იქნება, გიორგი გაბუნია ძალადობისგან.

„პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების, თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით შეიძლება ასეთი რამე შენს ქვეყანაში ხდებოდეს. გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართვა იმისთვის, რომ სურათი უფრო ფართო იყოს და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ და მით უფრო, ამ შემთხვევაში, გიორგი გაბუნია იქნება ამ ძალადობისგან დაცული“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

საქმეში საერთაშორისო მეგობრების ჩართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოითხოვენ. გრიგოლ ვაშაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად ასაჯაროვდეს დეტალები და მალე დადგინდეს თუ ვინ იყვნენ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზატორები.

„მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზუსტად დადგინდეს არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ამ დანაშაულის ორგანიზატორი და დამკვეთები. ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. კატეგორიულად მოვითხოვთ გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეები შესაბამისი უწყებები“,-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ,  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.


close დახურვა