გიგი უგულავა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2010 წელს რუსული კულტურის ცენტრის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა. მილიარდელმა თხოვნით ხელისუფლებას მიმართა. როგორც თბილისის მაშინდელი მერი ამბობს, ივანიშვილს სურდა, ცენტრი თავისი ხარჯებით აეშენებინა.
უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატიც ადასტურებს , რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ „ოცნების" პოლიტიკა რბილია. ნინო გოგუაძე, რომელიც დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ვითარება საგანგაშოა. კვლევის პროცესში ჯგუფმა არაერთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება და შესაბამისად, კრემლის ინტერესებს ემსახურება. დასკვნას პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნიან.
რუსული ენისა და კულტურის ცენტრის მსგავსი ორგანიზაცია ამერიკაში დახურეს, რადგან საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ ის ჯაშუშური საქმიანობით იყო დაკავებული. ამ სკანდალის შემდეგ გრიგორი კარასინმა კულტურის ცენტრის გახსნა საქართველოშიც დააანონსა.
რუსული კულტურული ცენტრის გახსნის წინაღმდეგ სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა. საკუთარი უარყოფითი პოზიცია მანიფესტზე ხელმოწერით გამოხატეს. ანალიტიკოსებმა, მედიაექსპერტებმა და სასულიერო პირებმა კრემლიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს.
ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ არ იცის, რაზე დაყრდნობით დააანონსა მისმა კოლეგამ საქართველოში რუსული ცენტრის გახსნა.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრა 29 ნოემბერს გაიმართა. დახურული მოლაპარაკების დეტალებსა და ცენტრის გახსნაზე ინფორმაცია გრიგორი კარასინმა გაავრცელა.