logo
ENG



უგულავას საქმე, როგორც გარედან ჩანს, არადროული ვერდიქტია - კატი პირი

12 თებ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში, რათა არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს. 

„განვიხილეთ უგულავას საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც გარედან ჩანს, არადროული ვერდიქტია. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. ჩაიშალა დიალოგი უგულავას ქეისის გამო. გვინდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ პარტიებს საქართველოში პოზიციების დაახლოებაში, რომ ხალხს არჩევნებისადმი ნდობა ჰქონდეს - კარგად ვიცნობ საქართველოს, ვთანამშრომლობ ყველა მხარესთან და არასამთავრობო სექტორთან", - აცხადებს კატი პირი.

სტრასბურგში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ დასავლეთი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით დევნას. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთო კახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არასწორად აღიქვამს მდგომარეობას, თითქოს არაფერი ხდება.

„იმ ფონზე, როცა დასავლეთი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ შეეწყვიტა დევნა და განეგრძო დიალოგი, ამ ივანიშვილმა ბრძანა უგულავას ციხეში გაშვება. ამას სერიოზული პასუხებით ევროკავშირი შეხვდა. „ქართული ოცნების“ პოზიცია ხომ ვიცით, რაცაა - თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ ამას არ ეთანხმება დასავლეთი", - ამბობს ოთო კახიძე.

ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე ქართული მხრიდან აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა დიალოგისთვის და მოუწოდებს ოპოზიციასაც, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

„მინდა აღვნიშნო და გამოვთქვა მზადყოფნა დიალოგთან დაკავშირებით, რაზე მოწოდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც არის. მაგრამ დიალოგის სჭირდება ორი მხარე, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას. ევროპარლამენტარების მომზადებულ ძირითადად დამატებებში წარმოდგენილია ოპოზიციის დღის წესრიგი, თუმცა როგორ ექნება მხარდაჭერა, ამას სხდომა გვაჩვენებს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა სამ საათზე დაიწყება. როგორც „ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, შესწორებები ეხება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივ დევნას, დამოუკიდებელი მედიების მენეჯერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ანაკლიის პორტის პროექტს.


close დახურვა